среда, 6 октября 2010 г.

ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny short stories

ჯანრი გოგეშვილიJanri Gogeshvili
ერთ, მოზიმზიმე ქალაქში მოუსვენრად დაცუხცუხებდა ”მთასავით” კაცი. დიახ, მისი გარეგნობისთვის შეუფერებელი, ამგვარი სიარული სჩვეოდა. როგორც თავად იკვეხნიდა სხვის საქმეში და პოლიტიკაშიც არ ერეოდა. ”ჩაურევლობის ალიბი” მის ფსიქიკას ლამის ჯავშანივით ერტყა. დაცუხცუხობდა სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან ბაზარსა და მაღაზიებში, ბრუნდებოდა საქარავნო აქლემივით დატვირთული და არც შინ ჰქონდა მოსვენება…. პოლიტიკურად აჟიტირებული ცოლი ტვინს უბურღავდა. ”წელს, აუცილებლად წავალ მთაში, დავჯდები ჩვენი ძველისძველი სახლის საფეხურზე, ისე როგორც ბავშვობაში, შევაცქერდები ცას და ავღიღინდები…” იქადდა გულუბრყვილოდ. მაგრამ მის თანამეცხედრეს ზღვისკენ, უფრო სწორად ნაქები კურორტებისკენ მიუწევდა გული… ვითარებათა გამო, ამას ვერ ახერხებდა და ქალიშვილებთან ერთად ზღვისპირეთში მცხოვრებ შორეულ ნათესავს მიაშურებდა. ქმარსაც ჩვეულებისამებრ გაიყოლიებდა. ”მთასავით” კაცი იქაც ბაზარსა და მაღაზიებში დაცუხცუხებდა. ზღვასაც ესტუმრებოდა ცოტა ხნით, მაგრამ, ისევ სოფლურ იდილიაზე ოცნებობდა.
ერთხელ, ბედად შოეულ ნათესავს გადაეყარა. მისხმა რესტორანში დაპატიჟა. მესამე ჭიქაზე გულაჩუყებულ თანამესუფრეს ბალღობა მოაგონა, მეეცხრე ჭიქაზე ცოლთან დაარეკინა, რაღაც აბდაუბდა ათქმევინა, მერე მანქანაში ჩაისვა და მშობლიური სოფლის მოსანახულებლად გაიტყუა. აცუნდრუკდა ”მთასავით” კაცი, ენად გაიკრიფა, აღიღინდა და აყვირდა. ისე, როგორც ბავშვობაში ექოს მიყურადებით ერთობოდა. ალიონისას ”ნივამ” აღმართი აათავა. მძღოლმა მანქანა წყაროსთან შეაჩერა. სტუმარმა ნაცნობ სანახებს ჰკიდა თვალი, მანქანიდან გადავიდა, სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. მერე ფეხსაცმელები წაიძრო, შარვლის ტოტები აიკაპიწა, შეაბიჯა გზისპირა ცვრიან ბალახში, მთებშუა ამოცურებულ მზეს შეაცქერდა; აღარც ახსოვდა თუ ოდესმე ენახა მსგავსი სილამაზე; გაიტრუნა, ფეხისგულზე სასიამოვნოდ შეუღუტუნა ცვარმა, აამსუბუქა, ააბუმბულა და ვეებერთელა ქალაქსა და ზღვასთან თავისებურად შეთამამებული ”მთასავით” კაცი, გულგახეთქილი დაეცა.
***

”წარღვნა...”

მოღრუბლული ამინდი იდგა და აშკარა იყო წინა დღეების მსგავსად, ადრე თუ გვიან თავსხმა წამოვიდოდა…
იაკობი ანუ იობი, როგორც მას ეძახდნენ მაგიდასთან იჯდა, კედელთან ჩარიგებულ სკამებზე ქალბატონმა ფეფანომ მესამედ მოიცვალა ადგილი
-წარღვნაა, წარღვნა…- იძახდა იგი,-გაბიას მოწაფეს უსურს უწინასწარმეტყველებია წარღვნის ნიშნები მალე გამოჩნდებაო…
იობი შიგადაშიგ წიგნს კითხულობდა, მობილურზე მიერთებული ყურთსასმენით რადიოგადაცემას უსმენდა, და ქალბატონ ფეფანოსაც არ აკლებდა ყურადღებას … ქალბატონი ფეფანო საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ… ხშირად ერთი და იმავე ამბავს თავიდან იხსენებდა. ენთუზიაზმით წამოიწყებდა საუბარს, მერე უცებ ჩასთვლემდა, იქვე შეფხიზლდებოდა და ისევ თავიდან დაიწყებდა…
საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში დედები ბავშვების წასაყვანად გარკვეულ დროს, საღამოს 7 საათიდან ჯგუფ-ჯგუფად იწყებდნენ შემოსვლას. ძირითად ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ასაკოვნებიც არანაკლებ ”აქტიურობდნენ...”
შემოტკეცილი შარვლები ეცვათ, გამომწვევი, თეძოებსა და დუნდულებზე მორგბულ-მომჯდარი. "საიდუმლო ხაზებით", ნაკვთებით და, მოკლედ, "უკანალების პარადს" მოჰგავდა…
იაკობს მართალია ხანშიშესული კაცი ეთქმოდა, მაგრამ გულის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, თუმც, ცნობისმოყვარეობას ნაკლებად გამოხატავდა.
ჰოდა, იმ დღეს, შეფხიზლებულმა ფეფანომ თავისებურად, რომ წამოიწყო: წარღვნა მოდის, წარღვნაო, კითხვით გართულმა დარჯმა თავი წამოსწია, უკანალების ”პარადს” თვალი გააყოლა და ამოხვრით დაუდასტურა:
-კი, სწორედაც, წარღვნაა, აბა რა…
***


*** ვინ უფრო შესაბრალი იყო...

მეტროს ვაგონში, ასე ექვსიოდე წლის თამამი ბიჭი ფულს ითხოვდა…
კუთხეში ახალგაზრდა, პირხმელი ქალი ”თავისთვის” იჯდა, ბურბუშელას ჭამდა. ბიჭი ჯიქურ მიადგა და გამომწვევად უთხრა:
-მომეცი, რა!..
ქალი შეკრთა, ეტყობა შიოდა, მაგრამ პატარა მათხოვარი ისე ჯიქურ უცქერდა, დაიბნა და დარცხვენილმა ბურბუშელიანი პარკი გადასცა…
ბიჭმა კი კითხა, რისიაო? მაგრამ, არც უცდია ხელი ჩაეყო შიგ, ეტყობა არ შიოდა, უბრალოდ, თავისებურად ”იყაჩაღა”… მერე ვიღაცს, ვაგონის იქითა მხარეს ”შენი დედაო… ”, შეაგინა და ისევ ”ბიძიებო და დეიდების” ძახილით წავიდა.
იმ ქალმა ჩანთაში ჩაყრილი რამდენიმე ბურბუშელა ამოკრიფა და პირისკენ გააქანა, მერე ეტყობა შერცხვა და თითქოს ჩანთა ამოწმინდა… ის პატარა ”ყაჩაღი” კი, უკვე მეზობელ ვაგონში მიიმღეროდა და ფულს გამომწვევად ითხოვდა…
საკითხავი ის იყო, ვინ უფრო შესაბრალი იყო, პატარა მათხოვარი თუ ”ბურბუშელათი” შიმშილის მოსაკლავად მომართული ქალი.
მაგრამ, იქნებ მსგავსი სცენები ხშირად თამაშდება: ყოველივე ”პატარა მათხოვრების” გამწვრთნელის ”რეჟისორულ” ჩანაფიქრს წარმოადგენს, დრამატული ვითარება, რომ შესძინოს შემთხვევას და ამ ამბის შემხედვარე მგზავრებში გულაჩუყება გამოიწვიოს; მათაც არ დაენანოთ თავისთვის გულმოდგინედ გადათვლილ ხურდა ფულიდან ოცი ან ათი თეთრი…
ალბათ, მათხოვარა ბავშვებსაც უტარდებათ ყოფის შესატყვისი ტრენინგები...
***
მაქცუნა

ქლაქში მაქცუნები დასუნსულებდნენ… (არვინ იფიქროს, რომ მაქციებზე მიგანიშნებთ; ისინი გარეგნულად ”მგელკაცას” ნამდვილად არ ჰგვანან. ურცხვი საშუალებებით თვითდამკვიდრება, სულებში ჩალექილი ავსულობის რეგერენაციას იწვევს; ესაა და ეს…) განსაკუთრებით ერთი მდედრუკელა გამოირჩეოდა, _ წვიტინა ხმის მქონე, დაღვლარჭნილი გოგო; პატარა, ველურ კაკლის მსგავს თავზე აძაგრული თმით, ცბიერი, წირპლიანი თვალებით, მზაკვრული გამოხედვით და თითქოსდა მხრებშუა შემალული კუზით. როგორც ყველა მაქცუნა, ისიც ძალზე ანცი იყო და თავისი მაქცუნა ქცევით, ხშირად ადამიანების კეთილ და თავაზიან მოპყრობასაც კი იმსახურებდა… ოღონდ, როცა ვინმეს ვითომდაც სინაზით ეჩურჩულებოდა და ვითარებას მალულად ზვერავდა, მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრის მიგნებისას, სიამის ნიშნად, კუდუსუნთან, კუდის მაგვარი წამონაზარდი ქიცინ-ქიცინით გამოესახებოდა და ეს შესაძლოა შეემჩნია კიდეც დაკვირვებულ კაცს…
რადიოსა და ტელევიზიაში თავისუფალი თუ ”თავზეხელაღებული” აზრებით კოპწიაობდა … რაც მეტ შეუსაბამობაში გახვევდა მსმენელს, მით სასურველ აჟიოტაჟს ქმნიდა… უმეტესობაშიც ამის გამო იწვევდა ინტერესს… ხელოვნურად შეკოწიწებული ”ელიტისთვის” ამგვარი ”გამოხდომები” არსებული ყოფის ჩვეულ რიტმად ქცეულიყო… მაქცუნა დღითიდღე ხელოვნდებოდა თავის ეშმაკურ საქმეებში და არც მორიგი მსხვერპლის დიდი ხნით ძიება უწევდა; ამა თუ იმ სამსახურის მმართველ აპარატში საკმაო თანამოაზრე ჰყავდა შეგულებული; ბევრი მათგანის სწრაფვა და მიდრეკილებები უწყოდა და შესაფერის ვითარებაში მარჯვედ იყენებდა კიდეც…
ჰოდა, ამგვარი პერსონა უშუალობისგან თითქოსდა შორს იყო, მაგრამ, როცა მამრუკელასთან სასიყვარულოდ განმარტოებული ვნებით აინთებოდა, მასთან ხვევნა-კოცნაში, ისე გამშვენიერდებოდა, იმგვარი ხიბლი დასთამაშებდა, რომ ძალზე მომხიბლავ, ძალზე ქალურ არსებად წამომოეჩვენებოდა პარტნოიორს და იმ ”მომხიბვლელობას” ასე ადვილად, ვერ ივიწყებდა… მის პიკანტურობას, გამორჩეული რიტუალი ახლავსო, ავრცელებდნენ ჭორს ჭორაკუდები. მაქცუნას ოპონენტთაგან რამდენიმე ”მორალიტომ” ცდუნებას ვერ გაუძლო და…
ეს იმიტომ, რომ ლიბერალი ყველაზე მეტად სექსში ვარო, ხუმრობდა იგი. სექსი ყველაზე მეტად აერთიანებს ადამიანებს, სექსში ყველა თავისას ესწრაფვის, ზოგი ტკბობას, ზოგი სარგებელს და ზოგიც დემოკრატიის განამტკიცებასო…

***


ბაზრის ბოლოში, საამშენებლო ბლოკზე ჩამომჯდარი ხორცსავსე ქალი ჭერამს ყიდის. შინისკენ მიმავალ პარკებით დატვირთულ კაცს, ისე გულიანად სთხოვს იყიდე, იყიდეო, კაცი უარს ვერ ეუბნება.
-ჰო, კარგი, ერთი კილო ამიწონე…-ამბობს ყოყმანით.
ქალი თავისებურად ლოცავს და პარკში ნარინჯისფრად დალაქავებული ჭერამის ჩაყრას იწყებს. მერე, იქვე მოსაუბრე მამაკცთაგან ერთ-ერთს უთანხმდება:
-თუ ლარს მომცემს, სულ გავატან…
-ჰო, ჰო…-ეუბნება ის, მოდის და პარკის შევსებაში ეხმარება…
ჭერამი, ასე, ორ კილომდე იქნება. შესახედად, არც მთლად მოსაწონია, ველური ხის ნაყოფსა სა ჩამოჰგავს, თუმც შებუსული არაა…
”ეგ ჭერამი, რაღად მინდოდა, გარგარი ხომ ვიყიდე…”, ფიქრობს თავისი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მყიდველი. გამყიდველი მის მალულ ყოყმანს გრძნობს.
-ორ კილოზე მეტია…-მგძნობიარედ ამუნათებს.
-ამოაკელით ქალბატონო, სხვა რამეც მაქვს წასაღები და…
-გული ტკბილი აქვს!-თითქოსდა შინაურულად უმხელს იგი და ისეთი გამომეტყველებას იღებს, რომ ეტყობა ჭერამის კურკების ”გულებზე” გვარიანი გემო აქვს ჩატანებული…
-გმადლობთ, გმადლობთ…-კაცი ლარიანს აძლევს…-ასე ჰგონია ”მადლის მოსხმასა” ჰგავსო. მორჩილად ელოდება, როდის მიაწვდიან პარკს. ქალი კვლავ კურკების გულების სიტკბოს აწონებს. ”რა ვქნა, კურკებს ხომ არ გამოვიღებ და დავუტოვებ”, იღიმება იგი და ფულის დასამატებლად ძლივს გამონთავისუფლებულ ხელს ჯიბეში აფათურებს ოცი თეთრის მოსაძიებლად. გაწვალებული ორმოც თეთრს აძლევს, პარკს პარკში დებს და ცდილობს იქაურობას ჩქარა გაეცალოს, რადგან ქალი ”ტკბილ გულებს” კვლავ გულაჩუყებით უქებს.-გმადლობთ, გმადლობთ!!!-მხიარულად ეპასუხება კაცი. მერე ”სამშვიდობოზე” გაღწეულს, ათეული წლების წინანდელი ”ქრონიკა” გაუკრთება მეხსიერებაში; მაშინდელ ”პიონერთა ბანაკში” ფეხბურთის თამაშით დაღლილი ბავშვები ღობეს იქით ჭერამის კურკების მტვრევით ახრუტუნებულ ღორს, უნებლიე ინტერესით, რომ უთვალთვალებდნენ. არვინ იტყოდა უარს, შორიახლო ჩარიგებულ ჭერმის ხეებს, რომ შესეოდნენ, მაგრამ მათთვის, იქ მაცხოვრებელთა ხეხილთან მიახლოება სასტიკად იკრძალებოდა. სადილობამდე კი, კარგა დრო იყო დარჩენილი.
”პატარა კია, მაგრამ, ისეთი ტკბილი გული აქვს, ისეთი ტკბილი გული…” ისევ ჩაესმის ქალის ხმა.” _ კაცი გრძნობს, ძალზე აინტერესებს, შინ მისულმა თავად გასინჯოს, მართლა ასეთი ტკბილი გულები აქვს თუ არა იმ კურკებს… იმას კი არ დარდობს, ტკბილხორციანი იქნება თუ არა… არადა, ვერ გარკვეულა ჭერამი იყიდა თუ ”მარიფათიანი” ქალის მიერ ”ტკბილზე ტკბილად” შესახელებულ ”კურკების გულები”.
”კიდევ კარგი გარგარი რომ ვიყიდე…”, აიმედებს თავს, ”ამის წვრილ კურკებს რა ტკბილი გულები ექნება იმისთანა, რომ… გავიჩინე რა საფიქრალი”, სახიდან ღიმილს ვერ იცილებს. ”ჩვენებურ ინვესტიციებსა ჰგავს…” ასკვნის უნებლიეთ. ”ოჰ, ეს უნარ-ჩვევები და ანალოგიები…” ასე ჰგონია გამოცდების სამზადისში მოფუსფუსსე შვილსაა მიყურადებული.

***


შებრალებას ვერ იტანდა ნანობ ბანდურაძე და მაშინვე, როცა ის შემაძრწუნებელი ამბავი შეიგრძნო, თავისიანებს მკაცრად უბრძანა: სამძიმრულ მოფერებებს თავი დაანებეთ და თქვენს საქმეებს მიხედეთო… ცნობილ მთასვლელსა და თვალმისატანებელ ვაჟკაცს აშკარად თუ შეფარვით მრავალი ქალი ეტრფოდა და ახლა ერთი ახარებდა ახირებულ კაცივით, იმ ბევრთაგან ერთიც ვერ დაიჩემებდა ”ხეიბრის ცოლობას” და როგორც თავად ფიქრობდა, არც მას ექნებოდა შესაძლებლობა დიდსულოვნებით შენიღბული თანაგრძნობა მიეღო მსხვერპლად. გრძნობდა უმწეობაში ჩავარდნილ ყოფილ სპორტსმენს შებრალება და მისთანები შერჩენილ ძალას გამოაცლიდა. ფიქრობდა, უმწეობაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად ღრნის ეგოიზმი, ყველასგან შეცოდებული თავისდა უნებლიეთ კარგავს ჯანსაღი ორიენტაციის უნარს, შეწყალებას მიზანდასახულად ითხოვს და სულგამათხოვრებული ხდებაო.
”ზოგი ჭირი მართლაც მარგებელი ყოფილა, დისერტაციაზე მუშაობას ვიწყებ და თუ ხშირად არ შემაწუხებთ, არ გიწყენთ, პირიქითო…” ნიშნისმოგებით გააფრთხილა ახლობლები. უმეტესობამ დაიჯერა… ვიღაცამ კი, დაუნდობლად იხუმრა: მაგას ჭკუა ფეხებში ჰქონდა, ფეხის თითებით გრძნობდა საიმედო ადგილი, როგორ ეპოვა და ასე ფეხებმომჩვარული დისერტაციის დაცვას, როგორ მოახერხებსო.
ნანობას არ სწყენია. თავადაც იცოდა, ერთ დროს მუხლმაგრობასთან ერთად, ინტუიციას, რომ უქებდნენ. რეალობა და საკუთარი გულის კარნახი აიძულებდა თანდათანობით სხვა ატმოსფეროს შეგუებოდა, სხვა ამხანაგებისა და კეთილმოსურნეთა წრე გაეჩინა… საავადმყოფოს შემდეგ, სპეცწაღებით დამძიმებული ფეხების თრევა ყავარჯნებზე გამოკიდებულს საშინლად უჭირდა. მერე მიეჩვია, ხელის კუნთები თითქოსდა მექანიკურად დაებერა. …დარდით შეპყრობილი შინაურები კარგა ხანს იყვნენენ გაფაციცებულები და მალული თვალთვალი ლამის ჩვეულებად გადაქცეოდათ.
ნანობა, ისევ ძველებურად ტკბებოდა ბუნების სიკეკლუცითა და განსჯას მინდობილი ცხოვრების სიამით. ძველებურად ბალღივით ახარებდა მოედანზე მოგოგმანე მტრედების თვალთვალი, განთიადისას ამომავალი მზის ჭვრეტა, ფოთლების შრიალისა და ჩიტების ჟღურტულის ყურისგდება. მაგრამ თანდათანობით სამედიცინო ძიებებმა გაიტაცა და ინტერნეტის მეშვეობით ამა თუ იმ კატასტროფის შედეგად დასახიჩრებულ ადამიანების ბიოგრაფიულ ეპიზოდებს გაეცნო; მათი მკურნალობის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებს ჩაუღრმავდა. მაგრამ, ხანდახან ერთბაშად წამოდგომას დააპირებდა და… დიდხანს მაინც არ აჯაბნინებდა სევდას თავს. ერთი პირობა, დედისა და დის გამუდმებული მწუხარება, რომ შეამჩნია, კიდეც შეშინდა, შეიძლება შევიშალე, არსებულის აღქმის უნარი დავკარგეო. გულმოდგინედ სცადა ხანგრძლივად მოეწყინა, მაგრამ ვერ შესძლო; უბრალოდ, მუდამ ჟამს მოუცლელი გახლდათ.
წლის დამდეგს, ვეტერან სპორტსმენთა კავშირმა ინვალიდთათვის განკუთვნილი პაწია ავტომობილით დაასაჩუქრა.. დილიდან გადიოდა სახლიდან და სად არ დაეხეტებოდა. საღამოს შინ დაბრუნებულს, ბუნების წიაღში ნაპოვნი სუვენირები მოჰქონდა. …მერე ნაცნობების წრე ახლებურად გაფართოვდა. მალე ნანობას თითქმის ქალაქის ყველა ხეიბარი იცნობდა. ახერხებდა და ყველას თავისებურად ეხმარებოდა, ხელს უმართავდა. ვიღაცამ ”ხეიბართა მეფე” შეარქვა. ზოგ ინვალიდს თავისებურად ეამაყებოდა ”მქუხარე წარსულის” მქონე ადამინთან ურთიერთობა, რომელიც გასაჭირშიც შესაშურ სიმტკიცეს იჩენდა. ის კი არა, მათი ახალობლებიც ეშურებოდნენ მასთან დაახლოებას. ასე რომ ნანობამ, ისევ გაითქვა სახელი, და ერთი კეთილმოსურნე ოჯახის ქალბატონს ალალად წამოსცდა:
-იცი ნანობ, ბედნიერი იქნება შენი ცოლი!
ეს იყო და ეს; შინ თუ გარეთ აღარ ასევენებდნენ, ცოლი უნდა შეგრთოთო. ზოგი ქალიშვილი შეტრფოდა კიდეც. აღარ დაგიდევდნენ მის ხეიბრობას. მისი დაუცხრომელი, სასიცოცხლო შემართებით ალესილი სულისკვეთება, ფიზიკურ ხინჯს მომხიბლელი იდუმალებით აფერადებდა. გოგონების წარმოსახვაში ვაჟი მრავალ ფათერაკგამოვლილ რაინდს ჩამოჰგავდა… ვაჟს არც კი, უფიქრია ამ რომანტიკული სატყუარას გამოყენება; ცხოვრება მაინც სულ სხვაა… ორაზროვნულად ასკვნიდა იგი.
მაგრამ ერთხელაც, როცა ავტომობილი სახლისკენ ნელი სვლით მიჰყავდა, სასწაული მოხდა. ქუჩის განაპირას სწრაფად მიმავალ ქალიშვილს ჰკიდა თვალი. მოულოდნელად მარჯვენა ფეხი ფარულად შეუთამაშდა და გოგო საოცრად მომხიბვლელი ეჩვენა. გაოგნებული ჯერ ფეხს დააჩერდა, ალბათ მეჩვენაო, იფიქრა, მაგრამ ახლა თითქოს მარცხენა ფეხმა მიანიშნა რაღაც და ავტომობილი გზის გადაკვეთის მოსურნე ქალიშვილთან შეაჩერა. მინადაშვებულ კარისკენ მიიწია და უცნობი მანქანაში მიიწვია:
-ვგონებ გაგვიანდებათ, დაბრძანდით და სადაც მეტყვით იქ მიგიყვანთ…-შესთავაზა გულუბრყვილოდ. გოგომ ზიზღნარევი მზერა შეავლო და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. გაშრა ვაჟკაცი, თითქოს იმ დღეს იგრძნო მთელი თავისი უმწეობა. გაუჭირდა, ძალზე გაუჭირდა ინვალიდთათვის განკუთვნილი ავტოთი მიჰყოლოდა უჩვეულო სიამაყით მიმავალ გოგოს. გაირინდა. მერე, როცა იგი მოსახვევში მიიმალა, დამფრთხალივით შეტოკდა. გუმანით იგრძნო ვისთან შეჰყარა ბედმა. თაყვანისმცემლებით განებივრებული ასული ირონიით იყო მოპირული. ცადა მიევიწყებინა, მაგრამ ზოგჯერ ამა თუ იმ ფეხის ნამალევი შეტოკება, ისევ აუშლიდა ფიქრებს და მალე საოცნებო არსების ადგილსამყოფელი მოძებნა. მისი ვინაობა და სახელი გამოიძია.
”ნია, ნია აი ია…”, გახალისდა მერე. ნამალევად ელოდა უნივერსიტეტში მიმავალს და მისი ცქერით ტკბებოდა. ბოლოს, გაბედა და კვლავ გამოელაპარაკა, მანქანიდან თავისებურად შემართული გადავიდა, მაგრამ ყავარჯნებზე ”ამხედრებულმა” მის მომჩვარულ ფეხებს შეჩერებული გოგოს ირონიული მზერა დაიჭირა. -კავალეერ!-ჩაიქირქილა გოგომ, სხეული მოხდენილად შეათამაშა და აკისკისებულ დაქალთან ერთად გზას უკანმოუხედავად გაუყვა. ვაჟმა სხეულს შიგნით თითქოსდა დაიღმუილა, უცებ ყავარჯნები გადაყარა, მარჯვედ გააბიჯა, გოგო ხელებში აიტაცა და პაწია ბავშვივით შეათამაშა. ნიასა თუ იას ხმა წაერთვა, მოჯადოებულივით მიეკრო მკერდზე. ნანობას, რაღაც მსგავსი ამოკითხული ჰქონდა სამედიცინო ლიტერატურაში, მაგრამ ეს მისთვისაც სასწაული იყო. გოგოს მეგობარმა შიშისგან შეჰკივლა.
-მიდი, არ შეშინდე!-მოესმა მარჯვენა ფეხის ქუსლიდან ვაჟს.
-ჰო, ჰო, უკვე ჩაავლე…-გაკრთა მარცხენა ფეხის ქუსლში. შემკრთალმა ქალიშვილი ასფალტზე დასვა. გამვლელთაგან ზოგი აშკარად და ზოგიც ფარულად უთვალთვალებდა.
-არ გაჩერდე!-უთხრა მოხიბლულმა გოგომ, ყავარჯნებისკენ არც მიიხედო, ვიცი ასე მოხდებოდა, სიზმარი მაქვს ნანახი. ხელი ჩასჭიდა და გაიყოლია. ნანობა მორჩილად მიჰყვა, შეჩერებისა მასაც ეშინოდა.
”სადაც არის ბედი შენი _ იქ მიგიყვანს ფეხი შენიო”, ეს ბრძნული გამონათქვამი, არც კი გახსენებია.

***

სცენარის პირობაზე…
-მიიკლაკნება, მიიკლაკნება!-ჩვეულებისამებრ ჩაიქირქილა ფანჯარასთან ატუზულმა ლუამ,-ჭიასავით მიძვრება!-და თავის შეღერებულ დისშვილს ”მაპოვნინეს” შესათვალიერებლად მოუხმო.
ნათიამ მსწრაფლ მოირბინა და გამზირზე მიმავალ აწოწილ, მხრებში თავისებურად მოხრილ კაცს ღიმილიანი მზერა გააყოლა.
-რა გინდა, რას ერჩი, თავის ბედს დაეძებს კაცი…-ცალყბად გამოესარჩლა გოგო.
-ბედს არა, ეგ ჭია, ეგა!..
-სულაც არა ჰგავს ჭიას…
-მაშინ თხუნელა, ბრმასავით დაბორიალობს…
-ასეთი ჰობი აქვს ამ კაცს…
-ოჯახის შექმნის თავი, რომ ჰქონდეს, ამ წანწალს შეელეოდა…
-შენც, ნაჯახივით პირობა, რომ წამოუყენე, გეცლია ცოტა დაქორწიდებოდით, მოგეჩვეოდა და მაგ წანწალის ხალისსაც დაკარგავდა…
-მეცლია და ქვეყნის სასაცილოდ გავიხდიდი სწორედაც საქმეს.
-ჰოდა, ახლა ნუღა ბრაზობ…
-არ ვბრაზობ, უბრალოდ ნერვებს მიშლის… მოირთვება არქეოლოგივით, აიკიდებს ამ გაქექილ ჩანთას და მიდის განძის საძიებლად. ერთ დღესაც ელიოზივით დაამთავრებს თავის სიცოცხლეს, იმას ბავშვები მაინც დარჩა…
-ისე, რომ არ გაგეპატიჟნა, ახლა თქვენც გეყოლებოდათ…
-ჰოდა, ამის წანწალში…
-კარგი დეიდა, შეეშვი მაგ კაცს, თორემ ის ძველებურად ერთობა, შენ კი…
-რა მე, უბრალოდ თვალი მოვკარი და…
-ეცადე ამ დროს ფანჯარასთან არ აღმოჩნდე…
-ჭირსაც წაუღია მაგის თავი…-ლუა ანუ ლუარა გაბრაზებული წავიდა სამზარეულოსკენ.
რიჩმონდ პანკრისელი ანუ როგორც მას მეზობლები მალულად ”მაპოვნინეს” ეძახდნენ გულიანად მიუყვებოდა ქედისკენ მიმავალ გზას, რომლის სანახებში ძველი ნასახლარები ეგულებოდა.
რაც სამსახურიდან გაანთავისუფლეს ანუ შეამცირეს, მამისეული ოთხოთახიანი ბინა დაშალა, ოროთახიანი გააქირავა, ერთოთახიანში თავად შესახლდა, დარჩენილი ფულით ვალები დაფარა და ბავშვობისდროინდელი ოცნება განძის მოძიება ჰობად აქცია.
ფერად ლითონს ეძებდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ვერცხლის თასის ფრაგმენტების პოვნა შეძლო…
-მაპოვნინე…-ჩურჩულებდა საძიებელმომარჯვებული, და იმგვარი გრძნობა იპყრობდა, რომ მათრობელა იდუმალებაში მიიკვლევდა გზას.
ასე რომ სულიერად მშვიდდებოდდა. ავ თვალს და ავად მეტყველს კი მეტი რაღა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ იმ ”მაპოვნინეს” მოჰკრა ყური და მერე სამეზობლოს ენაჭარტალა ქალებმა დაცინვით ”მაპოვნინე” შეარქვეს. მერე ამაზე უთავბოლოდ ქილიკაობდნენ; თუმც, ბავშვობაში იქ მაცხოვრებელთა უმეტესობას, ერთხელ მაინც დაცდენოდა: ჭია ჭია მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ…
რიჩმონდს ეს არ ადარდებდა, იმ დღესაც ინტერესით მისჩერებოდა ორკაპს, ნელა მიუყვებოდა ბალახით დაფარულ ბილიკს და ისე ჩაუყვა ხევისკენ, არც შეუმჩნევია.
ერთგან ორკაპი შეტოკდა, მერე თავად შეკრთა. დატეხილ ხის ტოტებთან იდგა. მოეჩვენა თითქოს ვიღაც უხმობდა. ორკაპი ჩანთაში ჩადო. ტოტები გადაყარა, ქამარზე მიმაგრებული პატარა ნიჩაბი მოიხსნა და თხრას შეუდგა.
მალე კვნესა მოესმა. მერე ქალის ხმა გაიგონა. არ შეშინებია, ოღონდ, გარემო მიმოათვალიერა. მოთვალთვალე ვერვინ შენიშნა და ისევ გააგრძელა თხრა… რაღა თავი შეგაწყინოთ მრავალ სათაგადასავლო და საშინელებათა ფილმშია მსგავსი ეპიზოდები.
ქალი ასე ოცდაათი წლისა იქნებოდა. საკუთარ დისშვილებს გაემეტებინათ. მოეწამლათ და მერე დაემარხათ, რათა მის ქონებას დაუფლებოდნენ. ქონება კი, მემკვიდრეობით მიეღო საზღვარგარეთ გადახვეწილ ნათესავისგან. რომლის მოსანახულებლად წასული ”ჩამარხულის” ქმარი ვითარებაში გახლდათ დაღუპული. მსგავსი შემთხვევებიც მრავლადაა ჩაგვირისტებული მხატვრულ თუ საშინელებათა ფილმებში. ცოტაოდენი განსხვავება ის იყო, რომ იქაური მიწის ნაჟურით განკურნებულმა ამ სანდომიანმა ქალმა, მოითქვა თუ არა სული და თავისი მშველელი შენიშნა, ორივე ხელი კისერზე ძალუმად მოხვია, ისე ძალუმად, რომ ”მაპოვნინე” იძულებული გახდა საავტომობილო გზამდე ხელში ატატებული ეტარებინა. შემდგომ სამედიცინო კლინიკაში, ხუთჯერ შეიკრიბა კონსილიუმი, რომ მოქალაქე რიჩმონდ პანკრისელი მისი ტყვეობიდან გაენთავისუფლებინათ, მაგრამ ქალს რაღაც უცნაური შიშის სინდრომი დასჩემდა. რიჩმონდი თუ ახლოს არ ეგულებოდა, ისე სული ეხუთებოდა და მხოლოდ მაშინ წყნარდებოდა თუ ”მაპოვნინეს” ყელზე ხელებს მოხვევდა. რიჩმონდს მამაკაცური მოვალეობა აიძულებდა იმ ქალის გვერდზე ყოფილიყო. მერე ჩვეულებად ექცა მასზე მზრუნველობა და მასზე ”ფიზიოლოგიურ” შეუღლებას მაჩის ბიუროს გაცემული ცნობაც დაემატა. მშვენივრად ააწყვეს ურთიერთობა. უცაბედად, სუნთქვაშეკრული, მომხიბვლელი ქალი, ისე უცებ შეაფრინდებოდა კისერზე, რომ…
რაც შეეხება ლუას, ერთბასად ჩამოხმა საცოდავი, ბოღმამ გამოხრა და…
ასეა ეს, ზოგჯერ მართლაც ზღაპარივით გვეთამაშება ეს ცხოვრება….

***
აჰ, სქესი არ დაასახელო

ახლობელთან ერთად ფიჭვნარში  ვსეირნობ. ნებსით თუ უნებლიეთ პოლიტიკურ თემებზე ვსაუბრობთ. მოულოდნელად თანამგზავრი შეცბა. ვხედავ მუქი წითელი ფერის მოადირე ძაღლი მისი ქურთუკის ჯიბეს ყნოსავს. გამეცინა და იგი ჩემი ტყავის ქურთუკითაც დაინტერესდა.
-დამშვიდდი მეგობარო, ნადირის ტყავი ნამდვილად არაა…-გავიხუმრე მე.
პატრონმაც ჩამოიარა, გაგვიღიმა და ძაღლს თავისთან უხმო. აღმართი რომ ავიარეთ, ახლა, ის ძაღლი წინიდან შემოგვეგება. კუდის ქიცინით  გზა გადაგვიღობა.
-ხომ გითხარი რაღაც გეშლება მეთქი...-შორიახლო მყოფი პატრონის გასაგონად მკაცრად ვთქვი მე.
-უყვარს დამიანები, საშინლად გულისხმიერია…-მხიარულად შემომაგება მშვილდივით მხრებმოზიდულმა,  ჟღალწვერიანმა კაცმა.
-მერე რას  აცდენ შე კაცო, ავირჩიოთ პალამენტში!-შეუძახა ჩემმა თანამგზავრმა, შესახედადაც მშვენიერია, თანაც
-აჰ, სქესი არ დაასახელო, თორემ, თუ ვინმემ დაგვასმინა ჯარიმა არ აგვცდება!-გავეხუმრე მე.
-აბა?!-გაფრთხილდა იგი.
-თუ მაინცადამაინც, გენდერული ბალანსი დაიცავი და უსქესო მშვენიერება ახსენე…
-ერთი მაგათიც, ის ფული, რაც ამ გენდერიზმის პრპაგანდისთვის გაიფლანგა, ჩვენს დემოგრაფიულ პრობლემებს, რომ მოხმარებოდა, ახლა ბებერი ერების რიგში არ ვიქნებოდით…
უცებ, ბუჩქებიდან მაწანწალა, მაგრამ შთამბეჭდავი გარეგნობის ძაღლი გამოძვრა და ელეგანტური სეტერი  თავხედურად მიყნოს-მოყნოსა.
-დუტ, შე დამპალო, მოუსვი აქედან!-მისკენ გამოქანდა ჟღალწვერიანი.
დამფრთხალი მაწანწალა თავქვე დაეშვა.
-გეცლია შე კაცო…-გამეცინა მე.
კაცი აიმრიზა. მაწანწალასკენ მოცქირალ სეტერს საყელურზე საბელი გამოაბა და აიძულა გაჰყოლოდა. ძაღლი კი, თითქოსდა ნაღვლიანი თვალებით იმ მაწანწალისკენ გახედვას ცდილობდა.

მართლაც მშვენიერი  შესახედი ირლანდიური სეტერი იყო.  ამ ჯიშის ზოგ ძაღლს,  თავისი სილამაზის გამო, სნობი პატრონის ხელში, სამონადირეო თვისებები, თითქმის დაკარგული აქვს და ელეგანტურობის სიმბოლოდ მიჩნეულ, მოდურ ძაღლადაა ქცეული.
***
მორევი


***
ციცქნა ნოველები

შეუპოვარი
-თქვენი ყალბი თამაში ჩემს ამპლუას არ ესადაგება...-ჩაიფხორა ინდაურმა (ინდიელთა ტომის სიმბოლომ), გულმოწყალების აქტზე უარი თქვა და ქვაბში ადუღებულ ქაფქაფა წყალში თავგანწირვით ჩახტა...
/\
ჯო

ჯო იწვა და განძრევა ეზარებოდა, ჯოს აღარაფერი იზიდავდა, თვით სიკვდილიც კი.../\

*

cxovreba ise xumrob-xumrobiT gaatara, gardacvalebisas, verc ki gaigo, rom mokvda.
*

ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny stories...
(შევსების პროცესი)

...
იხილე
***
...რევოლუციური მოტივაციები...
***
***
საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili


JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
/\
========
***

***
***

Комментариев нет:

Отправить комментарий